ეუთოს რაღაც დასკვნის გამო ჩვენ საქართველოს საზიანოდ არანაირი ნაბიჯის გადადგამს არ ვაპირებთ – იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და საღად შეაფასებენ არსებულ რეალობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დელეგაციას მართლაც სურს საქართველოში არსებული ვითარების შესწავლა, მმართველი პარტია მზადაა და დასამალი არაფერი აქვს.
„თუ იმიტომ გადაწყვიტეს ახლა ჩამოსვლა, რომ იმ ყალბ ნარატივებს შეუერთდნენ, რომელიც ევრობიუროკრატიისგან მოდის, ევრობიუროკრატია გაცილებით ძლიერია პოლიტიკური გავლენით და იმის წინაშე არ მოვიხარეთ ქედი ტყუილი ნარატივის გამო და ახლა ეუთოს რაღაც დასკვნის გამო ჩვენ საქართველოს საზიანოდ არანაირი ნაბიჯის გადადგამს არ ვაპირებთ. თუ მართლაც უნდათ ამის შესწავლა ჩვენ მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. რაც შეეხება ოპოზიციას – ჩვენ მათ ნათლად უნდა განვუმარტოთ, რომ ეს 5 რევოლუცია, ეს არ იყო უბრალო მიტინგები და დემონსტრაციები, ეს იყო ცეცხლის გაჩენა პარლამენტის შენობაში, ეს იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის, ეს იყო პრეზიდენტის სასახლის შეჭრის მცდელობა. შეგვიძლია უამრავი სხვა ფაქტი ჩამოვთვალოთ, ამიტომ ასეთ ადამიანებს თუ დაელაპარაკებიან იმ კუთხით, რომ ისინი არიან მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლები რაღაცა დემოკრატიისათვის, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა იყვნენ ობიექტურები. არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ მათ რომ ეს ძალადობრივი მეთოდები მიუღებელია. ამ ფონზე რომ გაკეთებინათ, რომ ოპოზიციის მხრიდან ძალადობა მიუღებელია და ამ ნაწილში ხელისუფლებამაც თავის ნაბიჯებს გადახედოს, მაშინ დატოვებდა ობიექტურობის შთაბეჭდილებას, მაგრამ თვალები დაიბრმაო, ხელები აიფარო და არ დაინახო, რა ხდებოდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, ამათგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ამას ჩვენზე ზეგავლენა ვერ ექნება, მაგრამ მაინც ნუ გადავიწურავთ იმედს და იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და საღად შეაფასებენ არსებულ რეალობას,” – განაცხადა შარმანაშვილმა.




