თენგიზ შარმანაშვილი – გუნდიდან ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ, ისინი ამას აგრძელებენ და ვერ ხვდებიან, რომ ეს ასე ადვილად აღარ ჩაივლის

[“ქართული ოცნებიდან”] ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ – ისინი ამას აგრძელებენ და ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად აღარ ჩაივლის – ყველანი მხილებული იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ „ და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” კი არ უნდა ელოდოს რაღაცებს, არამედ პირიქით, “პარტიის ყოფილი წევრები უნდა ელოდონ მხილებას”.
შარმანაშვილი არ ასახელებს, კონკრეტულად, “ქართული ოცნების” რომელ ყოფილ წევრებზეა საუბარი.
“უხერხულადაც კი მიმაჩნია საუბარი გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და არა მხოლოდ გუნდის, არამედ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, ათას საქმიანობას ეწევიან. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ “ღალატის აქტთან” დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. თავის საქმიანობას სწორი მიმართულებით არ ეწეოდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც, ეტყობა ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფო საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის. ისინი, ყველანი, მხილებული იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს. ასე რომ, ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდონ, რომ მხილებული იქნებიან,” – განაცხადა შარმანაშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატი აღნიშნავს, რომ პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებსაც დაიჭერენ, თუკი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი.
“თუ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ყოფილსაც და მოქმედსაც დაიჭერენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს – თქვენ იცით, რომ ქართული სახელმწიფო მტკიცებულებების მაღალი ხარისხის უქონლობით არავის იჭერს, ასე რომ როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს, მაშინ მიაკითხავს მას მართლმსაჯულება. თუ ასეთი მტკიცებულებები არ იქნება, არავის მიაკითხავს,” – განაცხადა შარმანაშვილმა.