თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო

ერთი ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, ფული ყველამ შევუგროვოთ, ცენტრალური „პროსპექტი“ გადაკეტონ და რით დამთავრდება, მერე ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი” აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების დაკავებებმა და ჯარიმებმა არ იმუშავა და ამას სახელმწიფო გულგრილად ვეღარ შეხედავდა.
„მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს. ეს არ არის მიმართული კანონმორჩილი ადამიანების წინააღმდეგ. შეიკრიბება ის რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც შეუძლია, რუსთაველი გადაკეტოს?! გადაკეტონ, პოლიცია ამაში დაეხმარება და მოძრაობასაც მოაწესრიგებს, მაგრამ არის მცირე რაოდენობა, რომელიც ტროტუარსაც ვერ ავსებს და როცა მოესურვებათ გზას კეტავენ. მე ამასწინათ შევთავაზე ერთი ექსპერიმენტი – ერთი ასი კაცი წავიდეს საქართველოდან, ყველამ შევუგროვოთ ფული, პარიზში, ან ბერლინში, ქალაქი თავად აირჩიონ, ცენტრალური პროსპექტი გადაკეტონ და რით დამთავრდება მერე ვიხილავთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.