„თემქის პარკში“ წყლის მილი დაზიანდა და პარკის ნაწილი დატბორა (ვიდეო)

გუშინ, 22 ოქტომბერს, ერთ-ერთ ფეისბუკგვერდში („ჩემი ქალაქი მკლავს“), რომელიც ქალაქის პრობლემების შესახებ ავრცელებს ცნობებს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩამოიტანა წყალმა მიწა პარკის ერთი ფერდიდან ბილიკზე.
„ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე“, – ასე აღწერს მერია გუშინ “თემქის პარკში” მომხდარ ამბავს.
მერიაში ამბობენ, რომ წყალი, მათი მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წუთში გადაკეტა წყალგამანაწილებელმა კომპანია GWP-მ. თბილისის მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრეს, რომ მილი უკვე შეკეთებულია და პარკი გაიწმინდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ დაზიანებული მილი მერიის საკუთრებაა:
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ არ ფლობს ინფორმაციას ზღვის უბნის პარკში დაზიანებული წყლის მილის შესახებ, რადგან აღნიშნული მილი არ წარმოადგენს კომპანიის ინფრასტრუქტურას“.
16 ოქტომბერს თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “თემქის პარკის” მოწყობა 40 მილიონი ლარი დაჯდა. მანვე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინიფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტპარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.
პარკი 21 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ