თემქაზე მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თემქაზე მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ
საქართველოს პროკურატურამ, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა, ესენია – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 26 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.
პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.