როგორც აღნიშნეთ, კანონის მეორედ შემოტანის მიზანი ხელისუფლების შეხვედრები იყო დონორ ორგანიზაციებთან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ეს გამჭვირვალობა, როგორც თქვენ ამბობთ, უფრო გაუარესდა. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ვის ჰქონდა ეს შეხვედრები და ვინ იყვნენ ეს დონორი ორგანიზაციები? – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
თემურ ჯანაშიას განცხადებით,
“ბატონო მამუკა, ორი დღეა გისმენთ და მკაფიოდ, რაც შემიძლია გითხრათ ეს კანონი, არის ის კანონი, რომელიც ყოფს ჩვენს საზოგადოებას და ეს ძალიან ცუდია. კანონის ერთ-ერთი მიზანი არის სა გარკვეული ადამიანების სტიგმატიზაცი, რომლებიც „ენჯეო“ სექტორში მუშაობენ და გარკვეული ნაწილის დისკრედიტაციას ემსახურება ეს კანონი,შემდეგ არ ვიცი როგორ განვითარდება.
გუშინ თქვენგან კიდევ ერთი ასეთი ინფორმაცია გავიგე, რომ კანონის მეორედ შემოტანის მიზანი თითქოს იყო ის, რომ ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ჰქონდათ შეხვედრები დონორ ორგანიზაციებთან, ჰქონდათ საუბარი გამჭვირვალეობაზე, რის შემდეგაც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გამჭვირვალეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ვის ჰქონდა ეს შეხვედრები და ვინ იყვნენ ეს დონორი ორგანიზაციები?
მე ვთვლი, რომ ესეც მათ მიმართ მადისკრედიტირებელი განცხადება იყო. გუშინ არ მომეცა ამ კითხვის დასმის საშუალება და მინდა, რომ მიპასუხოთ” , – განაცხადა თემურ ჯანაშიამ