თემურ ჭყონია: პოლიტიკაზე – არა, ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესა და ბიზნესს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა თემურ ჭყონიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.
„არც არავის დაუსვამს ეს საკითხი. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. როგორ გავახმაურო არ ვიცი, ვინმესთვის შეიძლება უხერხულია, მაგრამ [ითქვა, რომ] ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება სახელმწიფოში. თურმე ქვეყანაში ბევრი უსაქმური ყოფილა, ეს ვიცოდით, მაგრამ საინტერესო იყო, ცუდი არ იყო. პროგრამული თემები არ ყოფილა…
გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებისთვის გადაგვიხადა მადლობა, სხვათა შორის პირველად, რაც ჩემი თავი მახსოვს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, ასეთ შეხვედრებზე გეგმებსა და სტრატეგიებზე არ საუბრობენ, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა. “რაც ბიზნესს მოტივაციას აძლევს”, – აღნიშნა ჭყონიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაისვა თუ არა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხი, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„მამუკა და ბადრი ჩემი მეგობრები არიან და განვიცდი ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმას გააჩნია, სად უნდა ილაპარაკო ამის გარშემო, ეს ფორმატი არ ყოფილა დღეს“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.