ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „მაკდონალდს საქართველო“ 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით, 121 მილიონი ლარი შეიტანეს.
ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„2023 წლის შედეგები ჯერ სრულად არ დაგვიჯამებია, მაგრამ ვფიქრობ, ბიუჯეტში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საგადასახადო შენატანი, დაახლოებით, 88.5 მლნ ლარი იქნება, ხოლო „მაკდონალდს საქართველოსი“ – ₾32,5 მილიონი“, – თქვა თემურ ჭყონიამ.
რაც შეეხება საინვესტიციო გეგმებს, როგორც ბიზნესმენი ამბობს, წლის პირველ ნახევარში თბილისშია, გოთუას ქუჩაზე „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი რესტორანი გაიხსნება.
„თბილისის მერი კახა კალაძე პერსონალურად ძალიან გვეხმარება; ბიუროკრატიულ პროცედურებს უფრო სწრაფად გავდივართ“, – აღნიშნა მან.
თემურ ჭყონიას თქმითვე, შესაძლოა, „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორანი კახეთშიც გაიხსნას. „თელავში რესტორნის გახსნაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ“, – თქვა მან.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქილის „კოკა-კოლის“ წარმოების ზრდისთვის საწარმოო ხაზის შეცვლას გეგმავს. „საათში 52 000 ქილა უნდა ჩამოვასხათ“, – თქვა ბიზნესმენმა.