თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება „ბათუმელი მედროშის“ სახელით იცნობს, სტამბოლიდან ემოციურ გზავნილს ავრცელებს. ქათამაძე ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას უერთდება და თავადაც შიმშილობას აცხადებს. ბათუმელი მედროშის წერილს გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს.
„გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილესადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ“, – წერს ქათამაძე.
ქათამაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადადონ ყოველდღიური საქმიანობა და 29 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ:„დღეს თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს: ხვალ ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეები გადავდოთ და ყველა გავიდეთ რუსთაველზე“.
