თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო და 2800 ლარით დააჯარიმა.
ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით უჩიოდა. რადგან თემურ ქათამაძე ისედაც დაკავებულია, ყველაზე მკაცრი სახდელი, რაც შეიძლება მისთვის დაეკისრებინათ, იყო 500-იდან 3000 ლარამდე ჯარიმა, ამბობს მარიამ გაბროშვილი, ქათამაძის ადვოკატი.
ბათუმელი მედროშე სამართალდამრღვევად 166-ე მუხლით ცნეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თემურ ქათამაძე უარყოფდა სამართალდარღვევის ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით წერილში ხსნიდა, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კვების აღდგენა პროტოკოლის დარღვევით მიმდინარეობდა და ამაზე ჰქონდა შენიშვნები. სასამართლოზე გამოიკითხა მიგრაციის 2 ინსპექტორი და “ვივამედის” ერთი მედდა.
დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა 14 წერილობითი მტკიცებულება, სადაც თემურ ქათამაძე “ვივამედის” დირექტორს მიმართავდა არასათანადო მკურნალობის შესახებ და ითხოვდა ექთნების მხრიდან ყურადღებას.
“ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, გაწელვა, არასათანადოდ მოქცევა, ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო ორმხრივად, მიგრაციის და კლინიკა ვივამედის მიერ” ,- განაცხადა თემურ ქათამაძემ სასამართლოზე და დამატებით მოითხოვა 4-დან 6 მარტამდე მის პალატაში მყოფი ადამიანების მოწმედ დაკითხვა.
თემურ ქათამაძე შს სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში შიმშილობდა. ის „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, როცა ქათამაძემ გონება დაკარგა შიმშილობის შედეგად. ის „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენა პროტოკოლის დარღვევით მიმდინარეობდა და ამაზე ჰქონდა მას შენიშვნები.
„ოფიციალურად კვების განახლების დოკუმენტი არ მაჩვენეს, არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ მომაწოდეს“, – წერს თემურ ქათამაძე წერილში.
მას ექიმის აცილება მოუთხოვია, რაც შეურაცხყოფად მიიღესო, გვწერს მედროშე.
როგორც თემურ ქათამაძე ამავე წერილში აღნიშნავს, ამ საუბარს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ დაუნახავს შეურაცხყოფის ფაქტი, რადგან პალატიდან გასული იყო.
ლანძღვა-გინების ნაწილში არ ვეთანხმებით მომჩივან მხარეს და ბატონი თემურიც უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს და საქმეში მხოლოდ წერილობითი გასაუბრების ოქმებია წარმოდგენილი, სადაც არის ნინო ნადირაძის, ერთი მედდის და უშუალოდ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების ძირითადად იდენტური და იმეორებს ერთნაირ შინაარს.
კლინიკის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მუდმივად ითხოვდა საკვებს და ისინი არ აწვდიდნენ, რადგან 48 დღის ნაშიმშილევი ადამიანისთვის არ შეიძლებოდა ბევრი საკვების მიღება. ამან გამოიწვია მისი გაღიაზიანება და გახდა აგრესიულიო. რომ რაიმე მტკიცებულება არსებობდეს ან ვიდეოჩანაწერი, ეს უფრო ობიექტური მტკიცებულება იქნებოდა“,-ამბობს მარიამ გაბროშვილი.
მისი თქმით, პოლიცია კლინიკაში იმავე დღეს იყო გამოძახებული.
თემურ ქათამაძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლისთანავე მეორედ დააკავეს და მას შემდეგ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრი იმყოფება.
პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა, ის კლინიკაში გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს.
დაკავებული ქათამაძე ითხოვდა ჰუმანიტარულ სტატუსს, რაზეც სასამართლომ უარი უთხრა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება.
ავტორი: ხატია კახიძე
