Models.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში, Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan.
ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.
ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია.
· თემურ ბაბლუანი
თემურ ბაბლუანის სახელის ხსენება, ალბათ, იმ წამსვე იწვევს ასოციაციებს ქართველი მკითხველისთვის საყვარელ წიგთან „მზე, მთვარე და პურის ყანა“. ამ ნაწარმოებისთვის მან 2019 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის, თუმცა ეს გენიალური ხელოვანის არაჩვეულებრივი შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია. თემურ ბაბლუანია ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორი, როგორებიცაა: „უძინართა მზე“, „ძმა“, „ბეღურების გადაფრენა“… თავად გადაღებულია ფილმებში „ღიმილის ბიჭები“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, ასევე, სატელევიზიო სპექტაკლში „კუკარაჩა“.
თემურ ბაბლუანი ლენტეხის რაიონის იმ სოფელში დაიბადა, სადაც ბაბლუანები დღემდე ცხოვრობენ – ჩოლურში. 17 წლის იყო, როცა თემურ ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ მისი გადაღება გადაწყვიტა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დიდი მოგზაურობა კინოს სამყაროში – თემურმა 1979 წელს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძის სახელოსნო დაამთავრა.
თემურ ბაბლუანს კინომ ერთდროულად ცხოვრების მთავარი საქმე და სიყვარული აპოვნინა – თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ლია ბაბლუანი, რომელიც ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობი იყო. „უძინართა მზეში“ დედის როლს სწორედ ლია ასრულებს. ლიასა და თემურს 4 შვილი, გელა, გიორგი, ოლგა და სოფია შეეძინათ.
მამის გზა აირჩია გელა ბაბლუანმა, რომელიც ნიჭიერი რეჟისორის ამპლუაში მაყურებელმა უკვე გაიცნო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „13“ იყო, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად. გადაიღეს ფილმის ამერიკული ვერსიაც, სადაც ჯეისონ სტეტჰემი და მიკი რურკი თამაშობენ. ძმასთან ერთად რეჟისორობა არჩია სოფიამაც, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ის მუსიკითაც გატაცებულია, სწორედ მისი სიმღერით იწყება გელას ფილმი „ფული“. გიორგი ბაბლუანმა და-ძმისგან განსხვავებით მსახიობობა გადაწყვიტა. მისი პირველი ფილმი საკუთარი ძმის „13“ იყო, სადაც მთავრ როლს ასრულებს. მას შემდეგ იყო „მემკვიდრეობა“, „ფული“, „მარუსია“, „დამნაშავეთა არმია“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“. გიორგის მეუღლე სერბი მოდელი და მსახიობი ბოიანა პანიკია. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „თავისუფლება“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
· ოლგა ბაბლუანი
რაც შეეხება ოლგა ბაბლუანს, ის, მამის შემდეგ, საქართველოში ყველაზე ცნობილი ბაბლუანია, რაც მისი სატელევიზიო კარიერითაცაა განპირობებული. მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. რამდენიმე წლის წინ კი ჰქონდა საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“, სადაც უფრო მეტად კულტურასა და სოციალურ საკითხებზე საინტერესო სტუმრებთან ერთად მსჯელობდა.
ოლგას ორი გოგონა ჰყავს, ლიანა ბაბლუანი და ნასტასია ლეგრანი. ქვემოთ სწორედ ნასტასიას წარმატების შესახებ მოგიყვებით.
· ნასტასია ლეგრანი
ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ.
ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ:
· გოგონა კორსიკიდან, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო – ბუნებრიობა, ხიბლი და ძალა – ლეტიცია კასტას ფენომენი
„ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს საქართველოსთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არ დაკარგონ. ახლა სამი კვირით ვიყავი პარიზში წასული და რომ ვბრუნდებოდი, ისე მეჩქარებოდა ჩამოსვლა, რომ ერთი სული მქონდა, როდის ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და ოთხ საათში თბილისში ვიქნებოდი. ჩემი შვილების უფროა პარიზი, ნამდვილი ფრანგები არიან.
შვილებთან ურთიერთობაში მინდა ლიმიტი დავიცვა, არაფერი გამომეპაროს, თან მინდა ვმეგობრობდე. ძალიან ძლიერი ხასიათის გოგონები არიან. ორივე მგავს, პატარა (ნასტასია) უფრო უკონტროლოა, მაგრამ იმას ასაკიც აქვს ისეთი. პატარა იმდენად მგავს, ვფიქრობ ხოლმე, ჩემნაირ ადამიანს როგორ დაველაპარაკო. ლიკუნა უფრო ღრმაა… მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებენ, მთავარია, იყვნენ ბედნიერები”, – ამბობდა ოლგა ბაბლუანი.
ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს.
