დააკავეს 74 წლის კაცი, რომელსაც ცოლის – 53 წლის ქალის განზრახ მკვლელობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1972 წელს დაბადებულ თ.მ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
