თელავის სასამართლოში 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა შემდეგი პროცესისთვის დაიწყება. ადვოკატის თქმით,საქმის ირგვლივ 60- მდე მოწმეა გამოსაკითხი,თუმცა უმეტესობას დაცვის მხარე სადავოს ხდის. იმის გათვალისწინებით,რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება სხდომა განაჩენის დადგომამდე დახურულია.
არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის ასიმ სადიკოვის საქმეს მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. 28 წლის მამაკაცმა, რამდენიმე თვით ადრე, აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.
გოგოს წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა გოგო მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ “ქმარს” ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.
ავტორი: ია გულიაშვილი