თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა სურს და პუტინისა და ზელენსკისადმი ტრამპის იმედგაცრუება იზრდება.
თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლივიტი 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას მაისში სამდღიანი ზავის გამოცხადების შესახებ.
ლივიტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა, რათა სისხლისღვრა დასრულდეს.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, პრეზიდენტი სულ უფრო იმედგაცრუებულია ორივე ქვეყნის ლიდერით.
28 აპრილს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ „გამარჯვების მე-80 წლისთავის დღეებში“, 8 მაისიდან 11 მაისამდე ზავი ცხადდება „რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“.
9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმია დაგეგმილი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მორიგი ზავი „ისევ მანიპულაციის მცდელობაა”. ზელენსკის თქმით, უკრაინა აფასებს ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს, ამიტომ 8 მაისს არ უნდა დაელოდონ და საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა სულ მცირე 30 დღით, რაც საფუძველს შექმნის რეალური დიპლომატიისთვის.
პუტინის ბრძანებით, რუსეთს „სააღდგომო ზავი” ჰქონდა გამოცხადებული 19-დან 21 აპრილამდე. ამ პერიოდში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტში, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.
მას შემდეგ კიევიდან იყო არაერთი მოწოდება საბრძოლო მოქმედებების სულ მცირე 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
