გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს.
Reuters-ის ორი წყაროს თანახმად, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინას რუსული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იმ სანქციების სიის შემუშავება დაავალა, რომელთა შემსუბუქებაც არის შესაძლებელი.
გამოცემა წერს, რომ აშშ რიგი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნისთვის გეგმებს ადგენს.
როგორც Reuters წერს, გაურკვეველია, რა შეიძლება მოითხოვოს თეთრმა სახლმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ აშშ-მ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა, მათ შორის ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიის დასასუსტებლად.
27 თებერვალს ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანაზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
tabula.ge