თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი მნიშვნელოვნადაა ჩართული წითელ ზღვაში სავაჭრო გზებზე ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უილსონმა აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ ირანი ჰუსიტებს აწვდის შეიარაღებას, ფინანსებს და წვრთნის ჰუსიტ მებრძოლებს. მისი თქმით, ირანი ჰუსიტებს ასევე აწვდის ტაქტიკურ სადაზვერვო ინფორმაციას წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის კომერციული და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ.
“ღაზის კრიზისის პერიოდში ირანის მხარდაჭერამ ჰუსიტებისადმი მათ საშუალება მისცა განეხორციელებინა თავდასხმები ისრაელზე და საზღვაო სამიზნეებზე” – თქვა უილსონმა.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის თქმით, 2015 წლის შემდეგ ირანმა ჰუსიტებს გადასცა დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემები, მათ შორის უპილოტო საჰაერო სისტემები, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები. უილსონის მტკიცებით, ირანის დახმარების გარეშე ჰუსიტები ვერ შეძლებდნენ წითელ ზღვაში კომერციული გემების გადაადგილების მარშრუტის დადგენას და შესაბამისად, სარაკეტო თავდასხმების განხორციელება გაუჭირდებოდათ.