თეთრი სახლი: იმედგაცრუებული ვართ, რომ ანტიდემოკრატიულ კანონზე ვეტო დაძლიეთ

თეთრ სახლში ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტ ს ვეტოს დაძლევას გამოეხმაურნენ. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე თქვა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.
“ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ გასულ კვირაშიც, როდესაც ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ “უცხოური აგენტების” კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონს გასულ კვირაში, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა გამოხატა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ.
ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20%-ის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა”, – თქვა მან ბრიფინგზე.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. მან უარი თქვა, კანონი მუხლობრივად განეხილა.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.
კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს”.