აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წინააღმდეგია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტისა ისრაელის დახმარების შესახებ უკრაინისთვის დამატებითი ბიუჯეტის გარეშე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
შაბათს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა კანონპროექტზე ისრაელისთვის 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების აღმოჩენაზე.
„რეგიონში ჩვენი უახლოესი მოკავშირისა და ჩვენი საკუთარი ძალების მხარდაჭერა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს,“ ნათქვამია ჯონსონის წერილში კოლეგების მიმართ.
ჟან-პიერის თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ „ფანდებს, რაც არაფერს აკეთებს ქვეყნის საზღვრების დასაცავად, არაფერს აკეთებს უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად“ საკუთარი თავის დაცვაში და „ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარს ეუბნება პალესტინის სამოქალაქო საზოგადოებას“.
სენატი, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, არ დაეთანხმა ჯონსონის რეკომენდაციებს. მოსალოდნელია, რომ სენატი წარმოადგენს საკუთარ საკანონმდებლო პაკეტს, რომელშიც შევა ისრაელის სამხედრო დახმარება, მაგრამ უკრაინის სამხედრო დახმარებაც, ასევე წინადადებები აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების თაობაზე. სენატი ასევე გეგმავს, თავის კანონპროექტში შეიტანოს ტაივანის დახმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შარშან ოქტომბერში კონგრესს შესთავაზა 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დასახმარებლად, ასევე ქვეყნის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჯონსონს მიაჩნია, რომ აშშ-ს არა აქვს გაერთიანებული პაკეტის განხილვის დრო, ვინაიდან ისრაელს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება.
ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეეწინააღმდეგებიან თუ არა წარმომადგენელთა პალატის უკიდურესად მემარჯვენე წევრები ისრაელის დაფინანსებას ბიუჯეტის სხვა პუნქტებში ამავე თანხის დაზოგვის გარეშე.