აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია, თუმცა ზოგიერთი მგრძნობიარე დეტალი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს, განაცხადა, Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა 25 ნოემბერს.
„არსებობს რამდენიმე ფაქიზი, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც უნდა მოგვარდეს და რომელიც უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ტელეკომპანია CBS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო პროცესის განსახილველად დენიელ დრისკოლი, აშშ-ის არმიის მდივანი, აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებს 24 ნოემბერს, საღამოს შეხვდა და შეხვედრებს დღეს, 25 ნოემბერსაც განაგრძობს.
გამოცემა Politico-ს წყაროების ცნობით, დრისკოლმა აბუ-დაბიში ჩაიტანა უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული გეგმის ის ვარიანტი, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში შეათანხმეს უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას.
გამოცემა Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთანაც. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხზე დაზვერვის სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.
ფორუმი




