თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
“დღეს, ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე”, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე.
მისივე სიტყვებით, წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ “იყო უმძიმესი დარღვევები”, როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
“სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი”.
ორგანიზაცია “საიას” შეფასებით, მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.
“სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელმაც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.
საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად”, – წერს “საია”, სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, სარჩელს თეთრიწყაროს სასამართლო 4 ნოემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა.
“საიას” ცნობით, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
4 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლემ მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი.
“სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“, – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
“საიამ” ყველა იმ 73 საოლქო კომისიაში შემავალი უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე, ხმების 50%-ზე მეტით, მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53.931%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.035%;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.167%;
· „ძლიერი საქართველო“ – 8.81%;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 7.768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.