თედო აბრამოვის საქმეზე გადაწყვეტილება 15 აგვისტოს გამოცხადდება

„ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოები იქცნენ სამართალდამრღვევებად… ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორი მასშტაბური და აშკარაა სამართალდამცველი ორგანოების, პოლიციის და პროკურორის თვითნებობა უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებაში” – თედო აბრამოვის ადვოკატის ამ სიტყვებით გაიხსნა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო სხდომა 14 აგვისტოს – ამ დღეს სასამართლომ ბრალდებულის და მისი ადვოკატის, ინგა ჯაბანაშვილის დასკვნითი სიტყვები მოისმინა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 15 აგვისტოს, დილის 11 საათზე გამოაცხადებს.
ადვოკატმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები, მაგალითად ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები კი ურთიერთგამომრიცხავია.
ადვოკატმა სასამართლოს შეახსენა ისიც, რომ დაკავებისა და ჩხრეკისას აბრამოვს წაართვეს ტელეფონი, მან დაკარგა საბანკო ბარათი, იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
“პატაკის თანახმად, რომლის საფუძველზეც გაჩხრიკეს თედო აბრამოვი, ბრალდებულს ნარკოტიკი სახლშიც უნდა ჰქონოდათ და რას აკეთებენ პოლიციელები?” – რიტორიკულად იკითხა ინგა ჯაბანაშვილმა და თავადვე უპასუხა ამ კითხვას, რომ ამ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, არც ერთ პოლიციელს არ მოსვლია თავში აზრად სახლის ოპერატიულად გაჩხრეკა.
„ბინის ჩხრეკა დაიწყო, პირადი ჩხრეკის დასრულებიდან სამ საათში”, – თქვა ადვოკატმა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული იმ პირების საქმეებში, ვინც პოლიტპატიმრებად თვლიან თავს, სახლის დაგვიანებით და ფრაგმენტულად ჩხრეკის ტენდენცია მეორდება – იგივე ვითარება იყო ექიმ გიორგი ახობაძის საქმეშიც, რომელიც სასამართლომ 8 თვიანი განხილვის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო და იგივე სურათია ნიკა კაციას საქმეშიც, რომელსაც ასევე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
თედო აბრამოვის საქმე სხვა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს იმითაც ჰგავს, რომ მასზე არსებული დნმ-ის წყარო ნერწყვია, ბიოლოგიური მასალა პირის ღრუდან დაკავებულის მტკიცებით, მას პოლიციელმა დაკავებისას მოტყუებით აუღო რეზინის ხელთათმნიანი ხელით და თავად დაიტანა ნარკოტიკების პაკეტზე. აბრამოვის საქმეზე ჩატარებულმა დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ შესაფუთ მასალაზე ორი სხვა ადამიანის ანაბეჭდია.
“თევდორე აბრამოვისთვის არ შეუთავაზებით ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. დაცვის ხმარის შუამდგომლობაზეც უარი თქვეს. ამის შემდეგ დაცვის მხარემ დანიშნა ქსპერტიზა თმის ნიმუშზე და აღმოჩნდა, რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონდა მოხმარებული. თმა ყველაზე დიდი ხანი ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარებაზე. ექსპერტმა თქვა, რომ მისი დასკვნა კატეგორიულია” – თქვა ადვოკატმა და სასამართლოს მოუწოდა, მიიღოს ამ საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არ წარმოუდგენია.
„დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, იმის ფიქრში, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს…
იმ სულგაყიდულმა, ორფეხა მოსიარულე არსებებმა რაღაც გალიაში გამომამწვდიეს და მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ბებოს…აბსურდული ბრალდებით, ნული მტკიცებულებაა ბატონო მოსამართლე” – ამ სიტყვებით დაიწყო ადვოკატის დასკვნითი სიტყვის დამთავრების შემდეგ თავისი სიტყვა თედო აბრამოვმა. მან იკითხა, თუკი მას მართლაც ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რატომ არ აინტერესებს გამოძიებას, ან ვისგან შეიძინა, ან რა მიზნით ჰქონდა ეს ნივთიერებები.
“ბორკილებდადებული შეჰყურებ ციხის ოთხ კედელს და ზიხარ და ფიქრობ, რაც გაგაჩნია არის მოთმინება, რომელიც დაკარგვის პირასაა…. ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა, მხოლოდ მაშინ შეძლებ გამარჯვებას, როცა გონება ემოციაზე წინ იქნებაო…
უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, რაც დავიმსახურე და რაც არ დამიმსახურებია…” – ამ სიტყვების შემდეგ ბრალდებულმა წყალი მოითხოვა.
“არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი, ზიზღი, იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი…ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი…საშინელებაა ეს ყველაფერი რა, ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან..
ფანჯარა, რომელიც გვაქვს საკანში უყურებს ცენტრალურ გზას და ჩვენ გვაქვს იქ ერთი ხე, ამის წართმევა უნდოდათ, სხვა საკანში გადაყვანა…რაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი მიწაში ჩადება, ჩვენ ფესვებს გავიდგამთ და აღმოვცენდებით…” – თედო აბრამოვი აქ კიდევ ერთხელ წყვეტს სიტყვას, ემოციები მას საუბარში ხელს უშლის.
„ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდე იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გიყვარს სირცხვილია. მჯერა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება…
მე რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი სპორტით, თავის ქებას არ დავიწყებ, შეხება არასდროს მქონია ნარკოტიკებთან, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ის რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცველემა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არც ერთს გამოგაცდევინოთ….
ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ სასამართლოსგან სწორ გადაწყვეტილებას” – ბრალდებულის სიტყვის დასრულების შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან