თეგეტას შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. 20 000 000 ლარის ობლიგაციები 86-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა
„თეგეტა ჰოლდინგმა”, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტია თიბისი კაპიტალი.
ტრანზაქციამ, ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. შედეგად, ობლიგაციები სრულად ათვისებულია 86 ფიზიკური პირის მიერ, რომელთაგან 21 არარეზიდენტია. ლარში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარით განისაზღვრა. ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 14.5%-ია. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი: „ეს უნიკალური ტრანზაქცია თეგეტას მიერ 2023 წელს განხორციელებული მე-5 ემისიაა. კაპიტალის ბაზარზე პირველად ჩვენი შეთავაზება ხელმისაწვდომი იყო ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში. „თეგეტა ჰოლდინგის” შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და 86 ინვესტორისაგან წარმატებით მოვიზიდეთ 20 000 000 ლარი. ობლიგაციონერები არიან როგორც საქართველოს რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. 20 000 000 ლარის ობლიგაციების ემისია საცალო მომხმარებლებისთვის მაღალი მოთხოვნისა და იმ გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომელიც დოლარსა და ევროში გამოშვებული ობლიგაციებით მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ემისია ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ლარიზაციის პოლიტიკას. ამასთანავე, „თეგეტასათვის”, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა”.
„თეგეტა ჰოლდინგის” გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.
ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ემისიის მთელ პროცესი „თეგეტა ჰოლდინგის” პარტნიორმა და მხარდამჭერმა თიბისი კაპიტალმა წარმართა.
მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები „თეგეტა ჰოლდინგმა” თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა” და თიბისი კაპიტალისთვის მე-4 ერთობლივი განთავსებაა. ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან” ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით – ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. თიბისი კაპიტალი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-15 განთავსებაა და კაპიტალის ბაზარზე ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას”.
ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ” 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.
დღევანდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს” საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 260 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, რომლის ინვესტორები არიან ადგილობრივი ბანკები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, კერძო კომპანიები და, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგმა” ქართული კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და, ასევე, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი. ამასთანავე, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტიც თიბისი კაპიტალი იყო.
—–
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.