20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს, დოლარში დენომინირებული პირველი კორპორაციული ემისიაა.
ტრანში ფიქსირებული 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციების სრული ძირის დაფარვა გათვალისწინებულია ორი წლის შემდეგ. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მორიგი ტრანში წარმატებით განხორციელდა. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი- სავალუტო პროგრამის ფარგლებში დეკემბერშივე განთავსდა 7 მილიონი ევრო, დღეს კი დამატებით განვათავსეთ 8.3 მილიონი დოლარი. ეს ტრანზაქცია თავის მხრივ ორ ეტაპს მოიცავდა და საწყისი 5 მილიონი აშშ დოლარიდან 8.3 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ინტერესმა 8.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ინვესტორთა მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ამავე ემისიის პროსპექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანში განხორციელდება.
ვფიქრობთ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი აქტიურობის გათვალისწინებით, ხელს ვუწყობთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას. პარალელურად, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ფინანსური რესურსი ჰოლდინგის გაფართოებას ხმარდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაში კომპანიის მხრიდან უფრო მეტ კონტრიბუციას ნიშნავს“.
მიმდინარე ემისიის ფარგლებში ,,თეგეტა ჰოლდინგს“ 55 ინვესტორი ჰყავს. მათ შორის არიან კერძო კომპანიები, თუმცა უმრავლესობა ფიზიკური პირია, როგორც რეზიდენტები, ისე არარეზიდენტები.