მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა – ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკა ეფუძნება. სწორედ ამ პრინციპებზე დგას როგორც კომპანიის 28-წლიანი ისტორია, ისე სამომავლო განვითარების გეგმა. სწორედ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვაა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად კი ჰოლდინგი არაერთ აქტივობას ახორციელებს.
2023 წლიდან კომპანიის პრიორიტეტებს ახალგაზრდების მხარდაჭერა დაემატა. ამ მცირე დროში ჰოლდინგმა ახალი შესაძლებლობების შექმნა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაც შეძლო. სტაჟირების პროექტი „თეგეტა სტუდენტებისთვის“, რომელიც 15 ნოემბრიდან დაიწყო, ერთ-ერთი მათგანია. კომპანიაში 800-ზე მეტი დაინტერესებული კანდიდატის რეზიუმე შევიდა.
პროექტს „თეგეტა სტუდენტებისთვის“, ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ „კომერსანტი“ ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვერიკო სიტნიკოვს ესაუბრა.
– როგორ ხსნით სტუდენტების მხრიდან უპრეცედენტო დაინტერესებას და რა ეტაპზეა ახლა პროექტი „თეგეტა სტუდენტებისთვის“?
– სოციალურ ქსელში პირველი პოსტის დადებიდან რამდენიმე საათში 100-ამდე რეზიუმე მივიღეთ. რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე 800-ზე მეტი განმცხადებელი გვყავს. ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ სტაჟირების პროექტი „თეგეტა სტუდენტებისთვის“ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ეს აქტიურობა, ვფიქრობ, სტუდენტებისთვის მისაღებმა ფორმატმა განაპირობა – პროექტი სწავლაზეა ორიენტირებული. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან მათთვის საინტერესო მიმართულებებს და, მოქნილი გრაფიკის პირობებში, მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას.
წინ შერჩევის ორეტაპიანი პროცესი გველის: მსურველები პირველ ეტაპზე ტესტირებას გაივლიან. საბოლოო გადაწყვეტილება კი გასაუბრებით მიიღება.
– ზოგადად, როგორია ჰოლდინგის სამოქმედო პოლიტიკა ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით?
– ამ კითხვას, ვფიქრობ, სწორედ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები პასუხობს. პროექტი „თეგეტა სტუდენტებისთვის“ დაწყებამდეც არაერთი კამპანია გვქონდა, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ ახალგაზრდებს „თეგეტა ჰოლდინგში“ ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა მივეცით. იმ სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, თუმცა მუშაობის საჭიროება აქვთ, გამოვუყავით კონკრეტული ვაკანსიები, რომლებიც მათ სასწავლო განრიგს მოვარგეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდებს მოქნილი სამუშაო გრაფიკები შევთავაზოთ და დავეხმაროთ, მეტად გაცნობიერებული კარიერული არჩევანი გააკეთონ.
– როგორია დღეს „თეგეტას“ ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკა?
– 2023-24 წლების HR პოლიტიკა მიმართულია თანამშრომლების ზრდისა და განვითარებისკენ. ვცდილობთ, „თეგეტაში“ დასაქმებულებს უკეთესი შესაძლებლობები შევთავაზოთ. შევქმნათ კომფორტული, განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებული გარემო. ჩავატარეთ შიდაორგანიზაციული კვლევები, შევისწავლეთ თანამშრომლების მოსაზრებები – რა სჭირდებათ, რისი გაუმჯობესების სურვილი აქვთ და სწორედ მათი საჭიროებების შესაბამისად ავაგეთ შემდეგი წლების პოლიტიკა.
თანამშრომელთა განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი პროექტი დავგეგმეთ. ერთ-ერთია Leadership პროგრამა, რომლის აწყობა-შემუშავებაც მიმდინარე წელს დაიწყო და სულ მალე სატესტო რეჟიმში გაეშვება კიდეც. როგორც იცით, „თეგეტა აკადემია“ პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი სწავლებებისა და ტრენინგების მიმართულებას თითქმის სრულად ფარავს. გადავწყვიტეთ, თანამშრომლებისთვის წამახალისებელი კურსებიც შეგვეთავაზებინა. შევიძინეთ ონლიანპლატფორმა Coursera-ს ლიცენზიები და ამის ფარგლებში მივეცით შესაძლებლობა, ესწავლათ, რაც სურთ. დასაქმებულებს სრული თავისუფლება მივეცით – აერჩიათ ნებისმიერი კურსი, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ეს მათ საქმიანობასთან კავშირში.
თანამშრომელთა ობიექტურად შეფასებისა და მეტი გამჭვირვალობისთვის გადავამზადეთ მენეჯერები, ვასწავლეთ სწორი უკუკავშირის მეთოდები და გუნდური მუშაობის პრინციპები. შესრულებული სამუშაო ფასდება რამდენიმე კომპონენტით.
– როგორია კომპანიის მიდგომები ახალი თანამშრომლების მიღების ან შიდა გადაადგილების შემთხვევებთან დაკავშირებით?
– „თეგეტაში“ საკმაოდ დინამიკური გარემოა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ დიდწილად Retail სექტორია, რაც ცვალებადი და განვითარებადი სფეროა. მეორე მხრივ კი, ჰოლდინგში მუდმივად გვემატება ახალი მიმართულებები, ბიზნესსფეროები. შესაბამისად, განვითარებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი დასაქმების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი შიდა განვითარებაა. უპირატესობა არსებული თანამშრომლების დაწინაურებას ენიჭება. თუმცა, რა თქმა უნდა, შიდა დაწინაურებით ვაკანსიების უმეტესობა ვერ იფარება, ამიტომ მუდმივად გვაქვს საინტერესო შესაძლებლობები გარე კანდიდატებისთვისაც. ჩვენ თანაბარკონკურენტულ გარემოს ვუქმნით დასაქმების მსურველებს, შერჩევის ეტაპებიც ყველასთვის მსგავსია.
– როგორი გარემო დახვდებათ „თეგეტაში“ დასაქმებულებს, რა არის კომპანიის პრიორიტეტები?
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა. სწორედ ამ პრიორიტეტებს ეფუძნება „თეგეტას“ სამომავლო გეგმებიც.
როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ „თეგეტა“ პოზიციონირდება როგორც პასუხისმგებლობიანი დამსაქმებელი. ბევრი გლობალური პროექტი გვაქვს, რომლებიც, ერთი მხრივ, დამსაქმებლისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, ანუ დაგვეხმარება ტალანტების მოზიდვაში, და მეორე მხრივ, შრომის ბაზარზეც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და გარემოს გაჯანსაღების პროცესში საკუთარ წვლილს შეიტანს, შექმნის პრეცედენტებს და დანერგავს ახალ მიდგომებს.
გვინდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად ვაქციოთ პროექტები ქალთა გაძლიერების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ საავტომობილო სფერო მაინც სტერეოტიპული სექტორია, გვსურს, დავამტკიცოთ, რომ „თეგეტაში“ ქალებიც მართავენ და არანაკლებ, ვიდრე კაცები.
ასე რომ, წინ არაერთი საინტერესო პროექტი გველის, რომლებიც „თეგეტა ჰოლდინგის“ როლს, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ისინი კი, ვისაც პროფესიული განვითარება, მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო გარემოში მუშაობა სურთ, „თეგეტას“ დასაქმების პორტალს უნდა ეწვიონ.