რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის, „ადამიანის“ შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლებიც მოძველებული, გადამუშავებული სარეკლამო ბანერებისგან სხვადასხვა საჭირო აქსესუარად იქცა.
ბრენდი „ადამიანის“ ძირითადი საქმიანობა ადგილობრივი წარმოების ტყავის ნივთების წარმოებაა, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიამ ეკომიმართულება დაიმატა და სხვადასხვა ბიზნესს მათი სარეკლამო ბანერების გადამუშავებას სთავაზობს. „ადამიანის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ლუტიძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებაზე პასუხად აღფრთოვანებაც მიუღია, გაკვირვებაც და ირონიაც. „თეგეტა მოტორსი“ კი ის კომპანიაა, რომელიც ბრენდთან თანამშრომლობის შეთავაზებას უყოყმანოდ დასთანხმდა. კოლაბორაციის ფარგლებში „ადამიანმა“ „თეგეტა მოტორსის“ სარეკლამო ბანერები გადაამუშავა და მეორად ნედლეულს ახალი სიცოცხლე შესძინა.
