„თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ ბიზნესმიმართულებას – „თეგეტა ბიზნესი“ ავითარებს, რომელიც კორპორაციული მომხმარებლებისთვის მორგებულ სერვისებს და ინოვაციურ პროდუქტებს მოიცავს. როგორც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, ინიციატივა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ავტოპარკის მართვის სრულად ოპტიმიზაციას.
მისივე ცნობით, “თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.
“30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნეს საჭიროებებს.
მიდგომა, რომელსაც ვნერგავთ, დასავლურ ბაზარზე უკვე აპრობირებულია – ბიზნესს აღარ უწევს საკუთარი ავტოპარკის მართვა და ფლობის სირთულეებთან შეჭიდება. ბიზნესს აინტერესებს საკუთარი პროფილური საქმიანობა და ავტოპარკის სიმძლავრეს სხვა მომწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს. ახლა, ამ ყველაფერს კომპანიის სახელით “თეგეტა” გააკეთებს “, – განაცხადა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი მიიღებს all-inclusive პაკეტს, რომელიც სხვადასხვა თანამშრომლობის მოდელს მოიცავს.
“შეგვიძლია სრული ზრუნვა ავიღოთ, როგორიცაა მძღოლების დაკომპლექტება, ბენზინის ხარჯი და ა.შ. ასევე ბიზნეს პარტნიორზე როდესაც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში ექნება ე.წ. რეპორტინგი თუ რა მანქანა, როდის, როგორ ოპერირებს მისი ბიზნესისთვის. მისი საზრუნავი აღარ იქნება მანქანა ჩაანაცვლოს, გაუფუჭდება, სერვისში გაუშვას თუ ა.შ. ის “თეგეტას” შეუთანხმდება, რომ მას სჭირდება X ტონა ნებისმიერი მასალის მიტანა, X საათი მუშაობა და ა.შ და თუ რა რესურსი დასჭირდება ამ ყველაფერს, ეს უკვე „თეგეტას“ საქმეა“, – თქვა მან.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის შეფასებით, ავტოპარკის ერთი გაჩერებული ერთეული ხშირად გაცილებით დიდი დანაკარგია ბიზნესისთვის, ვიდრე სხვა საოპერაციო ხარჯები. შესაბამისად, ახალი სერვისით კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავიანთ ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირდნენ, ავტოპარკის მენეჯმენტი კი პროფესიონალ პარტნიორს გადააბარონ.
მისივე განმარტებით, „თეგეტა ჰოლდინგს“ უკვე 40,000-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი ჰყავს, ხოლო ახალი პროექტით მიზნად ისახავს, თითოეულ მათგანთან პარტნიორული ურთიერთობის ახალი დონეზე გადაყვანას.
ეკატერინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ „თეგეტა ბიზნესი“ ოფიციალურად 22 ივნისს იქნება წარდგენილი, სადაც დიდი კორპორაციული კონფერენცია გაიმართება. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთავაზებების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო გარკვეული ნაწილი ეტაპობრივად გაფართოვდება.
ინფორმაციისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად გააფართოებს.
