მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენს პარტნიორთან, „გალტ & თაგარტთან“ ერთად, კიდევ ერთი ტრანში წარმატებით განვახორციელეთ. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ევროსა და აშშ დოლარის შემდეგ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით. „თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ინვესტორთა წრე სულ უფრო იზრდება. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან გაზრდილი ინტერესი ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. აღნიშნული ტრანზაქცია სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები კვლავ ჩვენი ჰოლდინგის განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას მოხმარდება“.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. მათ შორის არის საპენსიო სააგენტო, რომელმაც სამი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე კერძო კომპანიები, ადგილობრივი ბანკები და ფიზიკური პირები.
გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს რიგით მეშვიდე ემისიაა, რომელიც ამჯერადაც წარმატებით განხორციელდა.
ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე: „გვსურს „თეგეტას“ მივულოცოთ კიდევ ერთი წარმატებული ობლიგაციების ემისია. 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „თეგეტამ“ თავდაპირველად ევროსა და დოლარის ემისიები წარმატებით განათავსა, ხოლო ამჯერად, ლარში დენომინირებული ემისია განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ მოქნილობა, რასაც პროგრამით განსაზღვრული პირობები სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ეს გამოიხატება სამ განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული განთავსებით ემიტენტისთვის. ვიმედოვნებთ, „თეგეტასთან“ ერთად, წინ კიდევ არაერთი წარმატებული გარიგება გველის.“
მიმდინარე მდგომარეობით „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საერთო ჯამში, მოზიდული თანხის რაოდენობა 375 მილიონი ლარია, საიდანაც 215 მილიონი ლარის, 33.3 მილიონი აშშ დოლარისა და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები აქვს განთავსებული.