ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. მიმდინარე წელს დამტკიცებულ პროგრამას ერთწლიანი ვადა აქვს და ითვალისწინებს 50 მილიონი მოცულობის ეკვივალენტი ბონდების განთავსებას დოლარში, ევროსა და ლარში.
ტრანზაქციის ვადიანობა ორი წელია. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესებული 8%-ია. სარგებელს ინვესტორები ექვს თვეში ერთხელ მიიღებენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა“ კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე წელსაც აქტიურია. ამჯერად, ჩვენს პარტნიორთან „გალტ & თაგარტთან“ ერთად, 10-მილიონიანი ტრანში განვახორციელეთ გაუმჯობესებული 8%-იანი განაკვეთით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალ სანდოობაზე კომპანიისა და მისი სამომავლო ხედვების მიმართ. დაინტერესება კვლავაც დიდია და აქვე ხაზგასასმელია, რომ, ახალ ინვესტორებთან ერთად, ობლიგაციების უმრავლესობა იმ პირების მფლობელობაშია, რომლებმაც „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდები 2023 წელსაც შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს ჰოლდინგის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ და კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.
რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობას, მოზიდული კაპიტალი ორი წლის წინ განხორციელებული ემისიის რეფინანსირებას მოხმარდა“.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ობლიგაციები 66-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 29 არარეზიდენტია. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდებით 3 კერძო კომპანია დაინტერესდა.
საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის წელს ეს უკვე მეორე ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი ამჯერად „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მერვე წარმატებული ემისიაა.
