თებერვლის ბოლოდან სასტუმროების დატვირთულობამ მოიმატა – მაია მახათაძე (bm.ge)

სასტუმროებისთვის განკუთვნილი პლატფორმა “რადარის” დამფუძნებლის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული სასტუმროების დატვირთულობამ მოიმატა.
მაია მახათაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დეკემბერში ზრდა არ ყოფილა და ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ჯავშნები თუ ღონისძიებები გაუქმდა, თუმცა იანვრიდან ვითარება გაუმჯობესდა.
ამასთან, “რადარის” დამფუძნებელმა თებერვლის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წინა თვეებში გადადებული ღონისძიებების ნაწილმა ამ პერიოდში გადმოინაცვლა.
“თბილისში, დეკემბერში ჯავშნები პერიფერიებში გაიზარდა იმიტომ, რომ ცენტრში გაუქმდა. ვინც არ გააუქმა ვიზიტი, ცენტრალურ ლოკაციებზე აღარ გააკეთა ჯავშანი და ამიტომ. რეგიონების შემთხვევაში, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი, განწყობებიდან გამომდინარე, ისედაც გააუქმეს, აქ ლოკაცია არაფერ შუაში იყო. ეს მდგომარეობა იყო დეკემბერში. საახალწლო პერიოდმა ჯავშნები წამოიღო, რაც იანვრის თვეს გადაჰყვა. ზოგადად, ასე ხდება ხოლმე და წელსაც არ იყო გამონაკლისი, იანვრის პირველ ნახევრამდე მივედით ძლიერად. შემდეგ, როგორც არის ხოლმე, არა სეზონი, როდესაც მატებას ისედაც არ ველით და არც ახლა ყოფილა.
თებერვალი სტანდარტული იყო, თუმცა თებერვლის ბოლოდან მოიმატა იმის ხარჯზე, რომ დეკემბერში რა ივენთებიც დაპაუზდა, აქეთ გადმოვიდა. თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში დატვირთულობამ მოიმატა.
იმ სასტუმროებს, რომლებზეც „რადარი“ ფლობს ინფორმაციას თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში, თებერვალში უკეთესი შედეგი ჰქონდათ. ამას ჯავშნების ბოლო წუთის აკრეფადობას ვეძახით. დაგეგმილზე მეტი შეძლეს, თუ 32% ჰქონდათ მოლოდინი დაანონსებული, [დატვირთვის] საშუალო მაჩვენებელი მერყეობდა დაახლოებით 45%-ის ჭრილში”, – ამბობს მაია მახათაძე და დასძენს, რომ მიმდინარე ჯავშნები არის და დინამიკურად დაიწყო შენარჩუნება.
“რადარის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ნეგატიური მოვლენის მიმართ სექტორი ძალიან მგრძნობიარეა.
„ნებისმიერი ტურბულენტობა გვეტყობა, ერთი არასწორი განცხადებაც კი ეტყობა ჩვენს სექტორს.
საპროტესტო აქციები არის, თუმცა თუ აქვს ისეთი ფორმა, რომ ადამიანის აზრის დაფიქსირებით გამოიხატება, ეს მოგზაურს არ აშინებს, თუმცა თუ გადადის ძალისმიერ მეთოდებში და ადამიანის ფიზიკური დაზიანება ხდება, რისი კადრებიც სოციალურ მედიაში და ყველა ტელევიზიაში ვრცელდება, ეს უკუეფექტს ახდენს თავისთავად. მოგზაურს შეიძლება ეგონოს, რომ ქალაქის ყველა ქუჩაზე ასეთი მდგომარეობაა და არა ერთ მონაკვეთში. ეს უარყოფით ეფექტს თავად ჩვენი მოქალაქეების განწყობაზეც ახდენს, ბევრი ღონისძიება შეიძლება არ იყო დაგეგმილი რუსთაველზე, მაგრამ იმიტომ გაუქმდა, რომ არანაირი განწყობა აღარ იყო მის ჩასატარებლად”,- ამბობს მაია მახათაძე.