ახალი წლის პერიოდი სრულად, ასევე თითქმის მთელი იანვარი და თებერვლის დღეებიც უკვე დაჯავშნილია. გვაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი სეზონი გვექნება, – ამის შესახებ გოდერძის კურორტზე არსებული კოტეჯების Eagle’s Nest-ის დამფუძნებელმა ჯონი შავაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამსვენებლების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები.
“კოტეჯი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ჯერჯერობით საბაგიროები არ არის გახსნილი, თუმცა ნელ-ნელა ემატება ხალხი. აქტივობა გაზრდილია წინა წელთან შედარებით და ასევე, გააქტიურებულია წინასწარი ჯავშნებიც. იმედი გვაქვს, რომ დიდთოვლობა გზებზე პრობლემებს არ წარმოქმნის და დროულად მოხდება გაწმენდა, რათა დამსვენებლების მოძრაობა არ შეფერხდება”, – აცხადებს ჯონი შავაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კურორტზე არსებობს ინფრასტრუქტურული გამოწვევები. მათ შორის, პარკინგის სივრცის არ არსებობა და სხვა.
“ინფრასტრუქტურის გარდა გამოწვევაა ის, რომ კურორტის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა სასტუმროების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. წელს დაემატა რამდენიმე სასტუმრო, თუმცა ეს საკმარისი არ არის”, – აღნიშნა ჯონი შავაძემ.
ცნობისთვის, კურორტ გოდერძიზე არსებული კოტეჯები Eagle’s Nest-ი ბაზარზე, დაახლოებით, 2 წლის წინ გამოჩნდა და ამ ეტაპზე, 2 კოტეჯს მოიცავს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




