2 სექტემბერს საქართველოს სადავო პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში მოისმინა. კომისიამ 2003–2012 წლებში „მოქმედი რეჟიმის“, ამ „რეჟიმის“ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა შეისწავლა.
460-გვერდიანი ანგარიში (დანართების გარეშე) სადავო პარლამენტის წევრებს დაურიგდათ. ანგარიში საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა წარადგინა. წულუკიანმა ისაუბრა კომისიის მიგნებებზე და რამდენიმე მიმართულება გამოყო:
ძალადობა ციხეებში – თეა წულუკიანის თქმით, დროებითმა კომისიამ გამოიკვლია ვითარება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და დაადგინა, რომ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად ციხეებში ადამიანებს სისტემატურად და მიზანმიმართულად აწამებდნენ ან არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მისი თქმით, ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერორი, მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული იყო პროკურატურაც.
„ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ორი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები ერთად იყვნენ განთავსებულები“, – თქვა მან. – „მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად ჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა… უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების გადასინჯვა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ „რეჟიმის“, სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ „ჩადენილი მკვლელობები და ძალადობა“ – კომისიის დასკვნით, 2004-2012 წლებში სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები თვითონვე არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, რასაც არაერთი ადამიანი შეეწირა – „ნაციონალი მოძრაობის“ მაღალჩინოსანი პირები ადამიანებს უკანონოდ აღუკვეთდნენ თავისუფლებას, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ. მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა წევრები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს.
პირადი ცხოვრების ხელყოფა – კომისიამ მიიჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად არღვევდა პირადი ცხოვრების უფლებას, აგროვებდა ფარულ ჩანაწერებს, მათ შორის სექსუალური ცხოვრების შესახებ. ჩანაწერები მოიცავდა საზოგადოების ყველა ფენას. უკანონო თვალთვალისა და გადაღების მიზანი იყო რეპუტაციის დამაზიანებელი სამხილების შეგროვება და შანტაჟი.
კორუფცია და ბიზნესის რეკეტი – დოკუმენტის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო კორუმპირებული: ხელისუფლებას რეკეტის რამდენიმე სქემა ჰქონდა შემუშავებული. არსებობდა დასატერორებელი ბიზნესმენების „შავი სია“, ბიზნესის რეკეტი ხორციელდებოდა პირადი ან პოლიტიკური შურისძიების გამოც. ამოღებული ფული გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისთვის ან სააკაშვილსა და მის ოჯახთან დაახლოებული ადამიანების კეთილდღეობისთვის.
„ბევრი ინფორმაცია შეგროვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმეზე. ეს ის სახელმწიფო ქონებაა, რომელიც სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წყალობით ხელში ჩაიგდო მისმა დედამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ. ასევე შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტის საქმეც, სადაც გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ჰყიდდა სინდისის გარდა – ბატონი ბენდუქიძე – აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ისიც აღნიშნა, რომ რეკეტის ხელშემწყობ ერთ-ერთ სქემაში „თიბისი ბანკი“ და მისი ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ფიგურირებენ.
მედიის თავისუფლების ხელყოფა – კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მედიის საქმიანობაში ჩარევა და შეზღუდვა, იყო მედიასაშუალებებში შევარდნისა და დარბევის შემთხვევები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა – კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშვიდობო პროცესისადმი საზიანო ნაბიჯები გადადგეს.
„კონდოლიზა რაისის (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რ.თ.) მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაუფიქრებელმა, ხან კი გამიზნულად არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა.
თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში მოწყობილ საგუშაგოზე და აღნიშნა, რომ არსებობს ეჭვი, ხომ არ იყო ეს კონფლიქტის ხელმეორედ გაღვივების მცდელობა.
„საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ახორციელებენ წინამდებარე დასკვნაში სახელობითად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და ასევე „გახარია საქართველოსთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დასკვნაში ასევე წერია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება იყო და მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, გადადგომის შესახებ განცხადებაც კი არა აქვს დაწერილი.
„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ… ჩემი სურვილი იქნებოდა, საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს.საქართველოს ისტორიის წიგნებში, სასწავლო წიგნებს ვგულისხმობ, ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლების პერიოდი როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე“, – თქვა თეა წულუკიანმა.
დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი.
კომისიის მიზანია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვისთვის საფუძვლის შექმნა. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ “ქართული ოცნება” მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
