თეა წულუკიანი ხელოვანების პროტესტზე – ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი – ეს მცირე ჯგუფი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად „ბობოლები“ შეიძლება ვუწოდოთ

ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან მცირერიცხოვანი პროტესტანტების ჯგუფი, რომლებიც წლების მანძილზე მიჩვეულნი იყვნენ იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანები მიდიოდნენ ბერლინში, კანში, გამოსცემდნენ წიგნებს, უფინანსდებოდათ ფილმები, მონაწილეობას იღებდნენ ერთი და იმავე ღონისძიებაში, მუდმივად ერთი და იგივე ხალხი, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა.
შესაბამისი განცხადებით თეა წულუკიანმა „ლელოს“ დეპუტატის“ ს მიერ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პროტესტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
წულუკიანის თქმით, ხელოვნების წარმომადგენლების პროტესტი ფულს უკავშირდება და არა რაიმე ტიპის „ღირებულებების ჭიდილს“.
„როგორც კი კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ყველასთვის ღიაა, იქ ატყდა პრობლემები. ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი. სწორედ, ამაშია უბედურება, შესაბამისად, ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად „ბობოლები“ შეიძლება ვუწოდოთ. ვინც ამ ფინანსური სისტემის ბენეფიციარი იყო და დღეს თავს არ იწუხებს, იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოჰყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები.
მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ თუ ადამიანი, მწერალი, კინოს დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ ითანამშრომლებს სამინისტროსთან, მე არ მესმის რა შეიძლება გააკეთოს სამინისტრომ იმისათვის, რომ მათ სამინისტროსთან ითანამშრომლონ. თუ ასეთი ადამიანი ხვალ იტყვის, რომ მე არ მინდა ბოიკოტი და მინდა მუშაობა, ჩვენი კარი ყველასთვის იყო, არის და იქნება ღია. შესაბამისად, ბურთი არ არის იქ, სადაც ამას ბნელ ოთახში ქალბატონი ნაცვლიშვილი [ანა] ეძებს. ბურთი არის იმათ მოედანზე, ვინც ე.წ. ბოიკოტშია“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ყველასთვის კარი ღიაა და „ნუ ვამტვრევთ იმ კარებს რომელიც ღიაა“.
„ადამიანები ერთ დღეს აცხადებენ, რომ ბოიკოტში არიან, მეორე დღეს გწერენ პირად წერილებს, რომ „რა მექნა ხელი უნდა მომეწერა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა“ ან წერენ ოფიციალურ წერილს, რომ „კი ვართ ბოიკოტში, მაგრამ დაგვიფინანსეთ ეს, გაგვიკეთე ის“. ბევრჯერ მიფიქრია, მაშ, რა საჭიროა ბოიკოტი? ვინმე გთხოვდა შედი ბოიკოტში და იქიდან მერე ვერ გამოხვიდე? ასე , რომ ჩვენთვის ყველასთვის კარი ღიაა და ნუ ვამტვრევთ იმ კარებს, რომელიც ღიაა.
სხვა არ ვიცი რა შეიძლება ითქვას ანა ნაცვლიშვილის კითხვებზე, რომელიც მუდმივად გაბრაზებულია და რაც მთავარია დამდევს. იუსტიციაში ვიყავი და არ მოსწონდა. ახლა კულტურის სპეციალისტი გახდა და რაღაცები არ მოსწონს. მგონი, მე მას თავს ვერ მოვაწონებ, ისე დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას“,- განაცხადა წულუკიანმა.