თეა წულუკიანი შიდა ქართლში მოქმედ სალოტბარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტები სალოტბარო სკოლებში გრძელდება.
უწყების ცნობით, მინისტრი ამჯერად სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა კასპში, ქარელსა და გორში. თეა წულუკიანმა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან, დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან ერთად, მოინახულა კასპის სალოტბარო სკოლა და შეხვდა ლოტბარ თორნიკე მერაბიშვილს, სალოტბარო სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის სხვა წარმომადგენლებს.
თორნიკე მერაბიშვილი სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანისა” და სახელმწიფო კამერული გუნდის სოლისტი და დირიჟორია. იგი თბილისიდან კვირაში ორჯერ ჩადის კასპში და ატარებს გაკვეთილებს. სკოლაში უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა და ხალხური სიმღერა. კასპის სალოტბარო სკოლა 2015 წელს შეიქმნა და მასში ამჟამად რეგისტრირებულია 16 მოსწავლე.
ქარელის სალოტბარო სკოლაში მინისტრი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელები ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძესთან ერთად ლოტბარ ლიკა ლიპარტელიანსა და რეგენტ ლანდა ბეგიჯანაშვილს შეხვდნენ. სკოლა 2022 წელს გაიხსნა და დღეს იქ 104 მოსწავლე სწავლობს.
ვიზიტი გორის სალოტბარო სკოლაში გაგრძელდა, სადაც, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძესთან ერთად, მინისტრი შეხვდა ლოტბარ ზურაბ წკრიალაშვილს, რეგენტ ლელა მერაბიშვილსა და კონსულტანტს, ლეგენდარულ ანსამბლ „გორდელას“ სოლისტს, მიხეილ მცურავიშვილს. გორის სალოტბარო სკოლაც 2015 წელს შეიქმნა და დღეს იქ 40-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება. სკოლა არაერთმა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა და ისინი დღემდე განაგრძობენ შემოქმედებით საქმიანობას.
კულტურის მინისტრი შეხვედრებზე მოსულ საზოგადოებას გაესაუბრა და სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს გაეცნო. თეა წულუკიანმა სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. კულტურის მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს.
სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით დღეისათვის ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უსასყიდლოდ ისწავლება ქართული გალობა, საკრავებზე დაკვრა და ხალხური სიმღერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა