თეა წულუკიანი – სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის – კარგი იქნება, თუ ევროკავშირის ელჩი შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს

სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის – გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს, თუ ცუდია. ჩვენ მეტი მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება, თუ ის, პირადად შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს, – ასე მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმე განიხილეს, საქმის ფარგლებში კომისიის კითხვებს უპასუხა მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, რომელმაც პატიმრობაში ყოფნისას მისი შვილის წამების ფაქტებზე ისაუბრა. ამ დროს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიმართა ევროკავშირის ელჩს, რომ „გამოეხმაუროს კომისიის იმ მსხვერპლების განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები“. მაჭარაშვილის აღნიშნული განცხადება კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმაც გაიზიარა.
ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც სულხან მოლაშვილის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიდა, მაშინ ის სტრასბურგში მუშაობდა. წულუკიანის განმარტებით, საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ სულხან მოლაშვილი ციხეში ნაწამები იყო. მისივე თქმით, მოლაშვილის საქმეზე იმ პერიოდში, საქართველოში არცერთ საელჩოს რეაგირება არ ჰქონია
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში საელჩოები, უცხოელები ისე იქცეოდნენ, რომ ვითომ არაფერი ხდება იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ და სულხან მოლაშვილი და მისი საქმე რეალურად იყო წინაღობა. არსებობდა მათიას იორშის (ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე), ასე ვთქვათ, ოქროს თვითმხილველის განცხადება. სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არც ერთხელ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამცთუ საქართველოსთვის, დაევალებინა პატიმარს უმკურნალე ციხეშიო, ვინაიდან ასეთი დავალებები იმ დროს, გამოიყენებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში ან კიდევ ისეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად, ოჯახი უნდა გაიხლიჩოს თუკი ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლ-შვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემდა.
სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის. მაშინ, სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დაავალეს [სახელმწიფოს] და ასევე, მკურნალობა C-ჰეპატიტზე. სულხან მოლაშვილმა, შემდეგ ამ თავისი პირველი პრეცედენტით, ძალიან ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა მისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლათ და იგივე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოითხოვა. ასეთი იყო, ბატონო გურამ, მაშინ უცხოელების ქცევა. მე შემიძლია ჩემ კოლეგებთან ერთად შევუერთდე თქვენ მოწოდებას, რომ გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი – სულხან მოლაშვილის ბატონი, მამა, რომელიც დღეს მობრძანდა და ჰყვება იმ წამებაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა. ის მინუს ერთ სართულზე დილეგში უჰაეროდ ჰყავდათ დამწყვდეული, საჭმლის, სკამისა და საწოლის გარეშე, დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით, ამ დროს რომ არ ეყვირა, თავზე ჩამოაცვეს ცელოფანი და გუდავდნენ, არ უმკურნალეს C-ჰეპატიტზე, გარეთ მყოფ ოჯახს აგარაკი გადააცემინეს სახელმწიფოსთვის და ყველაფერი ის უბედურება, რაც მოვყევით. გამოვიდეს [ევროკავშირის ელჩი] და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს, თუ ცუდია. ჩვენ მეტი მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება, თუ ის, პირადად შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.