პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია დღეს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს და გიორგი ვაშაძეს ხელმეორედ გაუგზავნის შეტყობინებას, რომ საგამოძიებო კომისიას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთონ. როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, არ არის გამორიცხული, ორშაბათს, 30 ივნისს მათი გამოუცხადებლობის შესახებ საქართველოს პროკურატურაში ახალი საქმეები გადაიგზავნოს.
„ჩვენ სამივე მათგანს, ვინც არის: ბატონი ნიკა გვარამია, ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი გიორგი ვაშაძე ხელახლა ვუგზავნით დღეს შეტყობინებებს. ხელახლა იმიტომ, რომ თავისუფლებაზე ყოფნისას მათთან მიმართებით შეტყობინების პროცედურა იყო. თუ მანამდე ვთავაზობდით ფიზიკურად გამოცხადებას, დღეს ჩართვას შევთავაზებთ. განხორციელდება თუ არა ეს, ორ რამეზეა დამოკიდებული. ერთი იმაზე, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, აქ კითხვის ნიშანი არ არის იმიტომ, რომ დღემდე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური საქართველოს პროკურატურასთან და სხვა უწყებებთან ერთად სამაგალითო თანამშრომლობას აჩვენებდა და დარწმუნებული ვარ, ორშაბათს იუსტიციის სამინისტრო პატიმრების ჩართვაში დაგვეხმარება. არის მეორე საკითხი, იცით, რომ პატიმარი თუ არ არის თანახმა, ის საკანს არ დატოვებს და კომისიას არ ჩაერთვება. ჩვენ ძალიან ბევრი წელი გვაშორებს იმ შავბნელი ეპოქიდან, როდესაც პატიმარი თუ არ ტოვებდა საკანს, მას წამების ქვეშ დაატოვებინებდნენ ასეთ საკანს. რადგან ეს მეთოდები ბევრი წელია აღარ არსებობს, მათ კეთილ ნებაზე, სურვილზე და არჩევანზეა დამოკიდებული. თუ ისინი გადაწყვეტენ, არ დატოვონ საკანი და მიბრძანდნენ იმ ოთახში, სადაც ჩართვის აპარატურა იქნება გამართული, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე. არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს უკვე ახალი საქმეები გადაიგზავნოს გამოუცხადებლობის შესახებ საქართველოს პროკურატურაში, თუმცა, აქ იცით, რომ შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს და არის სასჯელები შთანთქმის პრინციპით, თუმცა არსებობს განმეორებითი დანაშაულის ცნება, რომელსაც მოსამართლე მხედველობაში იღებს“,- განაცხადა წულუკიანმა.
გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ გამოკითხვა 30 ივნისსაა დაგეგმილი. რაც შეეხება გიორგი გახარიას, წულუკიანის ინფორმაციით, ის კომისიის სხდომაზე 2 ივლისაა დაბარებული.
„გიორგი გახარია არის 2 ივლისს დაბარებული საგამოძიებო კომისიაზე. ასევე, 30 ივნისს ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე მოწვეულნი არიან, რომ ჩაერთონ პენიტენციური დაწესებულებიდან სხდომაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კომისიას გიორგი გახარიასთან 2012-2025 წლებში საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებაც აქვს კითხვები.
„გახარიას მოსვლა ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, ჩვენ მასთან გვაქვს 2012-2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ კი საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია გამოცხადდება, იმიტომ, რომ რატომღაც მგონია, მას სხვებისგან განსხვავებით, ესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია სამართლებრივთან ერთად და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა, ფაქტი რომ არ ცხადდები საგამოძიებო კომისიის წინაშე მოცემული პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. ისევე როგორც, აქ არ ჯდომა ნიშნავს პოლიტიკურ გარდაცვალებას“,- განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 13 ივნისს, მამუკა ხაზარაძე 23 ივნისს, ხოლო გიორგი ვაშაძე კი 24 ივნისს დააკავეს.
