თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს – აუკრძალეს მიმოსვლის უფლება ადამიანებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში და არიან პოლიტიკოსის ოჯახის წევრები, ეს არ არის თქვენი საქმე?- ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ

ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას განურჩევლად. თქვენ ყველას განურჩევლად არ იცავთ, იმიტომ, რომ გრცხვენიათ. ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე საკუთრებების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
წულუკიანმა იოსელიანს უთხრა, რომ ადამიანის უფლებების სამართალი არის ბალანსი და სახალხო დამცველი ამ ბალანსს სრულად არის აცდენილი.
“ჩვენ იმას კი არ გთხოვთ, რომ ჩვენ შეგვაქოთ, ჩვენ თქვენ გთხოვთ და ეს კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური და თქვენი გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, არ იყავით ობიექტური. თქვენ შეგეძლოთ, მაგალითისთვის გეთქვათ ის, რაც ახლა თქვით იმიტომ, რომ მწვავე შეფასებები მიიღეთ და იძულებული გახდით გეთქვათ, რომ აშენდა ლაითურის ციხე, მაგრამ მაინც არის გადატვირთულობის პრობლემა – ეს არის ობიექტურობა. ეს არის ის, რაც ქმნის სახალხო დამცველის ავტორიტეტს.
თქვენ, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა სამართალი არ იცით. ადამიანის უფლებების სამართლის მცოდნე ადამიანი არ იტყვის იმას, რომ ჩემი თემა არ არისო. თავისუფალი არჩევნების უფლება არის ერთ_ერთი ფუნდამენტური ადამიანის უფლება. მინდა გამცნოთ, რომ დიახ, არჩევნები თქვენი თემაა. ეს თუ თქვენთვის სიახლეა ორ წლისთავზე, ეს ტრაგედიაა.
პირდაპირ თქვენი თემაა, გარედან რომ შემოდის ხალხი და პირდაპირ ერევა საქართველოს მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებაში. თქვენ ამ დროს პირდაპირ უნდა მოუწოდოთ სახელმწიფოს, რომ აღკვეთოს უცხოელების ჩარევა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის უფლებაში იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა, ეს არის ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა, რატომ არ მოუწოდეთ მთავრობას ამის შესახებ?
რას აკეთებს უცხოელი დეპუტატი, როცა ჩამოდის და ქართველ ადამიანს ასწავლის, ვის მისცეს ხმა? – ეს არიც ჩარევა და უნდა მოუწოდოთ სახელმწიფოს, რომ ეს აღკვეთოს!
ლიეტუველი რომ ჩამოდის აქ და მარიგებს, ვის მივცე ხმა, ეს რომ ჩემი უფლებების დარღვევაა, მაშინ არ არის ეს თქვენი საქმე?” – მიმართა თეა წულუკიანმა იოსელიანს, რაზეც იოსელიანმა დეპუტატს მიმართა, რომ უტრირებს.
-“უტრირებთ, ქალბატონო თეა, მე არ მოველოდი თქვენგან ამას”, – უპასუხა სახალხო დამცველმა წულუკიანს.
-“არ ვუტრირებ, თქვენ მანიპულატორობთ, მანიპულირება გააკეთეთ ფაქტების. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტიპის ადამიანის უფლება გეხებათ, მათ შორის, საკუთრების უფლება. მასობრივი დარღვევებია მომხდარი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს, და იმედია, მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, შარშან აუკრძალეს მიმოსვლის უფლება, რომლებიც საერთოდ არ არიან პოლიტიკაში ჩართული და არიან პოლიტიკოსის ოჯახის წევრები არიან. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება, იმიტომ, რომ შენი ქმარი, ცოლი თუ მეზობელი არის ჩართული “ქართული ოცნების” მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ, ეს არ არის თქვენი საქმე? უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ სტრასბურგში შეეტანა საჩივარი ბრიტანეთის წინააღმდეგ, ეს არის თქვენი საქმე, მე ამას არ უნდა ვამბობდე, ამას თქვენ უნდა ამბობდეთ, ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას განურჩევლად. თქვენ ყველას განურჩევლად არ იცავთ იმიტომ, რომ გრცხვენიათ. ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე საკუთრებების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი”, – მიმართა წულუკიანმა სახალხო დამცველს.
ამ შეფასებაზე ლევან იოსელიანმა წულუკიანს მიმართა, რომ მათ სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ ადამიანის უფლებებზე..
-“ისეთ რაღაცას მეუბნებით, ჩვენ, აშკარად, აბსოლუტურად სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ადამიანის უფლებებზე”, – უთხრა იოსელიანმა წულუკიანს.
“თქვენ როგორმე დაიჯერეთ, რაც არ უნდა გირჩიონ ნინო ლომჯარიას კადრებმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ განურჩევლად იმისა, ვინ არღვევს ამ უფლებას. ადამიანის უფლებების სამართალი არის ბალანსი თქვენ ამ ბალანსს ხართ ბოლომდე აცდენილი”, – მიმართა თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს.