თეა წულუკიანი – იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამოადგებათ საგამოძიებო ორგანოებს

იმედი მაქვს, კომისიის დასკვნა გამოადგებათ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, სხვადასხვა მიმართულებით, დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად – ასევე, გამოადგებათ სასამართლოებს და რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, რომ აწარმოონ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა და ის გამოაყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნა შედგება რამდენიმე თავისგან, „რომლებიც ეხება მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომს, მკვლელობებს, ძალადობას და ა.შ“.
„მოცემული დოკუმენტი იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის, სასამართლოებს. რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, რომ აწარმოონ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა და ის გამოაყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე, გამოადგებათ.
ჩვენ დასკვნა შევადგინეთ რამდენიმე თავად. მთავარი სტრუქტურა მინდა, რომ საზოგადოებას გავაცნო:თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას – ფაქტებზე დაფუძნებით არის აქ წარმოდგენილი ყველა მასალა; თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას, ჩადენილს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ; თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორის შესახებ, ასევე, მათი უფლებების დარღვევების თაობაზე; ასევე, არის, გასაგები მიზეზების გამო, შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, რომელიც ეძღვნება მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ, ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს; ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომლებიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა-განმარტებების შედეგად, იქნებოდნენ ესენი გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და, რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცლის მცდელობებს და ეს, სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პროცესია ჩვენს ქვეყანაში…
ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ დასკვნაზე იქნება რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში“, – განაცხადა წულუკიანმა.