პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს და პოლიტიკოს გიორგი კანდელაკს სთავაზობს, რომ თუ დღეს არ მოხერხდება კომისიის სხდომაზე მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში მოუსმინონ. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ სხვა დეპუტატებთან სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა“. შესაბამისად, მისვე თქმით, კომისიას ორივე მათგანთან კითხვები ამ საკითხზე აქვს.
„იმ ექვსი პირიდან, რომლის მოსმენაც დღეს დღის წესრიგით იყო განსაზღვრული ერთმა პირმა, ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში, რომელიც საკმაოდ გრძელი სიაა, ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ სხვა დეპუტატებთან ერთად ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. ხელი აუწიეს სტრასბურგში, გიორგი თარგამაძემ მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმომადგენელმა. ჩვენ მათ მაშინ დანიშნულ ოპოზიციას ვუწოდებდით, ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას, ვინც ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია, გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია და ეს იყო ფსევდოოპოზიცია პარლამენტში. სწორედ ამ ვითომ ოპოზიციას წარმოადგენდა გიორგი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დელეგაციაში, რომელშიც ერთ-ერთ წევრად იყო ბატონი გიორგი კანდელაკი. სწორედ მათ ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას, 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვა-სიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი დამნაშავეა თითქოს. მათ ამას მისცეს ხმა, საქართველოს დააბრალეს ომი და ასევე, ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა, ამაყად გიორგი თარგამაძე ტელევიზიიდან ამტკიცებს საპირისპიროს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს შეკითხვები, თუმცა პროცედურულ ნაწილში უნდა შევნიშნოთ, რომ კომისიამ ორივე პირს, გიორგი თარგამაძესაც და გიორგი კანდელაკსაც სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეატყობინა, რომ ისინი ფიგურირებენ მოწვევისთვის სასურველ სიაში და მათ გაეგზავნათ შესაბამისი ტექსტური შეტყობინებები. გიორგი თარგამაძე, მანამ, სანამ, ოფიციალურად საფელდეგერო სამსახური მას ეწვეოდა ის, სადაც ცხოვრობს, მუშაობს, გუშინ ალბათ ყველამ ნახეთ, რომ ტელევიზიის მეშვეობით თქვა, რომ აქ მოსვლას არ აპირებს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცედურას.
თუ დღეს არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, რომ მომდევნო დღეებში, მომავალ კვირაში მოვუსმინოთ. ხაზს ვუსვამ, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისგან, პოლიტიკოს გიორგი კანდელაკისგან, არაერთ თემაზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება „რეზოლუცია 16/33 -ზე“ პასუხი, რატომ დააბრალეს 2008 წელს ქართულ ჯარს, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
