რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა – დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს? – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ ქვეყანას ოპოზიცია სჭირდება.
„ჩვენ თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ღიად მინდა ვთქვა: ეს სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია ამ ქვეყანას სჭირდება, პარლამენტში მით უმეტეს საჭიროა ოპოზიცია, საკრებულოებშიც და ზოგადად.
ამ კომისიაშიც, თქვენი ადგილი ვაკანტური რჩება. მაქვს შეკითხვა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ, რომ თქვენ, ასევე ქალბატონები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტიდან ცნობილი იყო, ასევე ახალ წევრები, რომლებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში, დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს?
თუ ასე სწორია, რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?!“ – მიმართა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
