თეა გოდოლაძის თქმით, მის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს.
საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ იგი ოჯახური ძალადობის მუხლითაა ბრალდებული. მასალაში აღნიშნული არ ყოფილა, რომ გოდოლაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს და თავადაც დავობს მის მიმართ ძალადობის გამო.
საპასუხოდ, თეა გოდოლაძემ მაშინ განმარტა, რომ ის თავად გახდა პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 2022 წლის აპრილში და, რომ სახელმწიფომ მის წინააღმდეგ მოძალადე გამოიყენა ცრუ ბრალდებით მისი დისკრედიტაციისა და გაჩუმებისთვის.
“2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია.
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით”, – წერია თეა გოდოლაძის მიერ 2023 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატუსში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი”, რომელიც თეა გოდოლაძის ინტერესებს იცავს, აცხადებდა, რომ “შავი კამპანიის” მიზანი “პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა.”
“საფარის” ცნობით, “შურისძიებისა და ზეწოლის” მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებული ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
ფორუმი