თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი მოსაზრებების, ინტერესებისა და საჭიროებების გაზიარების მნიშვნელობას.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ა.წ. 6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებამ, ნათლად წარმოაჩინა მიმდინარე უკანონო ოკუპაციის უმძიმესი გამოვლინება და შედეგები. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა, სადაც მწვავედ განიხილება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე და ქვეყნის დეოკუპაციის ძალისხმევის კვალდაკვალ, მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება საოკუპაციო ხაზებით, მავთულხლართებითა თუ დეზინფორმაციით ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ისტორიულად დამკვიდრებული ურთიერთობების აღდგენა; იმავდროულად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების და ახალი შესაძლებლობების შექმნა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ. გამართული დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.
ღონისძიების გახსნითი ნაწილის შემდგომ, მოხსენება გააკეთეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლის დროსაც ისაუბრეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობასა და დღის წესრიგის შესაბამისად განსაზღვრულ საკითხებზე.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა.