თეა ახვლედიანი – გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ბიუჯეტმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
თეა ახვლედიანის განცხადებით, 2024 წელსაც გაგრძელდება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის როგორც ზამთრის პერიოდში დახმარება, ასევე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა.
„მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ამ მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღემდე განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, წელს, 6 თვის მონაცემებით, განხორციელდა 60 მილიონამდე ღირებულების პროექტები.
აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წელსაც გაგრძელდება როგორც მოსახლეობის ზამთრის პერიოდში დახმარება, ისე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღია, სახლებში დაბრუნების საშუალებას აძლევს”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.