“თბილღვინო” რუსეთში ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე აგორებულ მცდარ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურება

“თბილღვინო” რუსეთში ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე აგორებულ მცდარ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურება.
2022 წლის შემდეგ „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს.
„თბილღვინო“ აგორებულ კამპანიას მანიპულაციურს უწოდებს.
ვეხმაურებით მედიაში აგორებულ მცდარ ინფორმაციას, „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ „თბილღვინომ“ 2022 წლის მარტში მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ეკონომიკური ურთიერთობები ს ფედერაციასთან და შეუერთდა არაერთ გლობალურ ბრენდს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს იმ პერიოდში. ამას გარდა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო დასავლეთის სანქციები და გართულებული ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ოპერაციებს და საინვესტიციო პერსპექტივას. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე „თბილღვინოს“ შეჩერებული აქვს რუსეთთან ექსპორტის მიმართულება.
ციფრები, რომლებიც მედიაში („რუსთავი-2“, „ტელეკომპანია იმედი, „პოს-ტვ“) იყო ნახსენები [„თბილღვინოს“ შემოსავალი რუსეთში ექსპორტიდან], მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური. მიგვაჩნია, რომ აგორებული კამპანია უარყოფითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე და არ უწყობს ხელს არსებულ კრიზისში კერძო ბიზნესის პრობლემების მოგვარებას.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიზანი ამჯერადაც არის ეკონომიკური ურთიერთობების და ექსპორტის დივერსიფიკაცია. მხოლოდ ეს მიდგომა შეიძლება იყოს მექანიზმი გეოპოლიტიკური რისკების დაზღვევის. კერძო ბიზნესს უნდა ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან და რაც მთავარია, დასავლეთისა და აზიის განვითარებულ ბაზრებთან, იმ ბაზრებთან, რომლებსაც არ ემუქრება დასავლეთის სანქციები და მათთან ვაჭრობა უსაფრთხოა. ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, თუკი საქართველოც იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდება, ვისთან ვაჭრობა ან ეკონომიკური ურთიერთობა სანქციების გამო არამიმზიდველი იქნება. საქართველოს მთავრობის და მედიის მთავარი ყურადღება ალბათ ახლა ის უნდა იყოს, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე – საქართველო გადავიდეს იმ ქვეყანათა რიგში, რომელთან პარტნიორობას ბევრი ცივილიზებული ქვეყანა მოერიდება.
ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათის პოპულარიზებას მსოფლიოს მასშტაბით და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც თითეოული მოქალაქისა და ბიზნესის თავისუფლებას ემსახურება. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ეს გამოგვივა მხოლოდ მაშინ, თუკი დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის კურსს.