კომპანია “თბილღვინო” ეხმაურება სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების კამპანიას და აცხადებს, რომ რუსეთში ექსპორტი 2022 წლიდან შეაჩერა.
„თბილღვინოს“ განცხადებით სახეზეა მანიპულაციური კამპანია და მცდარი ინფორმაციის გავრცელება:
“პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ „თბილღვინომ“ 2022 წლის მარტში მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შეუერთდა არაერთ გლობალურ ბრენდს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს იმ პერიოდში. ამას გარდა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო დასავლეთის სანქციები და გართულებული ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ოპერაციებს და საინვესტიციო პერსპექტივას. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე „თბილღვინოს“ შეჩერებული აქვს რუსეთთან ექსპორტის მიმართულება.
ციფრები, რომლებიც მედიაში იყო ნახსენები [„თბილღვინოს“ შემოსავალი რუსეთში ექსპორტიდან], მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური. მიგვაჩნია, რომ აგორებული კამპანია უარყოფითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე და არ უწყობს ხელს არსებულ კრიზისში კერძო ბიზნესის პრობლემების მოგვარებას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან და რაც მთავარია, დასავლეთისა და აზიის განვითარებულ ბაზრებთან, იმ ბაზრებთან, რომლებსაც არ ემუქრება დასავლეთის სანქციები და მათთან ვაჭრობა უსაფრთხოა.
“ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, თუკი საქართველოც იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდება, ვისთან ვაჭრობა ან ეკონომიკური ურთიერთობა სანქციების გამო არამიმზიდველი იქნება. საქართველოს მთავრობის და მედიის მთავარი ყურადღება ალბათ ახლა ის უნდა იყოს, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე – საქართველო გადავიდეს იმ ქვეყანათა რიგში, რომელთან პარტნიორობას ბევრი ცივილიზებული ქვეყანა მოერიდება.”
კომპანიის განცხადებით, შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გააგრძელებენ ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათის პოპულარიზებას მსოფლიოს მასშტაბით:
“ყოველთვის მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის თავისუფლებას ემსახურება. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ეს გამოგვივა მხოლოდ მაშინ, თუკი დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის კურსს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ინტერნეტში, არაერთი მედია საშუალების არქივში იძებნება კომპანიის მიერ 2022 წლის 4 აპრილს გავრცელებული განცხადება, რომ რუსეთში ექსპორტს აჩერებენ, რასაც კომპანიის გაყიდვების 21% ეკავა.
“თბილღვინო” ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომლებმაც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე, დეესკალაციის ყველაზე პრაგმატულ გზად ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება დაასახელეს.
სამთავრობო არხების მსგავსად, დღეს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს “თბილღვინოს” რუსეთში ისევ შეაქვს ღვინო.