„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ბავშვების სურვილების, საჭიროებების მიხედვით, საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს. ბენეფიციარებს საჩუქრები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და კომპანიის თანამშრომლებმა გადასცეს. თავის მხრივ, ბავშვებმა და მოზარდებმა „ფლეშმობი“ მოაწყვეს.
„სასიამოვნო და სასიხარულო ღონისძიება გვაქვს დღეს, რაც „თბილსერვის ჯგუფში“ უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ „მომავლის გზის“ წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ