„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი ახალი სპეცმანქანებით შეივსება

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოდერნიზაცია და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.

დაგეგმილი პროექტების შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

„თბილსერვის ჯგუფი“ არის სამსახური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მუხლჩაუხრელად ემსახურება დედაქალაქს, რათა ის იყოს დასუფთავებული და მოწესრიგებული. 2026 წლის მარტამდე დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის 24 ერთეული ახალი სპეცმანქანით შევსება. ასევე, დაგეგმილია ქალაქში არსებული მოძველებული გარე განათების სანათების LED სანათებით ჩანაცვლება, რაც ელექტროენერგიის ხარჯის 55%-იან ეკონომიას მოგვცემს. გარდა ამისა, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ გადამტვირთ სადგურს სრული რეაბილიტაცია უტარდება, სამუშაოები მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. ამასთანავე, შემუშავდა თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მოეწყობა მასალების აღმდგენი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტები, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა; მოხდება უჯრედების საბოლოო გადაფარვა და გაზშემკრები სისტემის მოწყობა.

რაც შეეხება გამგეობებს, ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით 10 რაიონის გამგეობაა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას.

„ათივე გამგეობის მიერ უდიდესი მოცულობის სამუშაოებია ჩატარებული გასული რვა წლის განმავლობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გვაქვს ამბიციური გეგმები. კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები ქალაქის ბიუჯეტიდან 250 000 000 ლარით დაფინანსდება; მოეწყობა გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები; შიდა რაიონულ გზებზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელები და საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით, 10-ვე რაიონში იგეგმება სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.