მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში 19 ივლისს დაგეგმილ აქციას,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან რვა პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულების დროული გათავისუფლება. მათივე განცხადებით, ხელისუფლებაში „რუსული რეჟიმია“, რომელიც ადამიანებს უკანონოდ აკავებს.
შეკრებილების ამბობენ, რომ 19 ივლისს თბილისის პარალელურად ბათუმშიც შეიკრიბებიან.
„ბათუმი 226-ე დღეა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. 19 ივლისს დაგეგმილ აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. დიახ, ჩვენი აქციების მთავარი მიზანია, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
რეჟიმს ათეულობით პოლიტპატიმარი ჰყავს გამოკეტილი, სასამართლო უზურპირებულია. არ აღიარება და წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა, სამოქალაქო სექტორმა აჩვენა ჯერ კიდევ „რუსული კანონის მიღებისა“ და უარი განაცხადა აგენტთა რეესტრში მონაწილეობაზე“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
