თბილისში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა – ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს მერიამ დაუდასტურა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი არ შეცვლილა ბოლო წლების განმავლობაში თბილისის იმჟამინდელი ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე 2021 წელსაც იმავე მონაცემებს ასახელებდა.
BM.GE-მ დამატებითი კითხვებით მერიას უკვე მიმართა, როდის მოხდა ბოლო ინვენტარიზაცია/აღწერა, რამდენი სახლია ავარიული კატეგორიების მიხედვით და რამდენია ჩანაცვლების პროგრამაში.
2023 წლის დეტალური მონაცემები კი ასეთია:
„თბილისში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა, თუმცა გამგეობებში მიმართვიანობა 2337 ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზეა. ამ ეტაპზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს 43 ამხანაგობასთან. სრული შეთანხმება 13 ამხანაგობასთანაა მიღწეული. სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები კი დაწყებულია 2 ლოკაციაზე”, – ამბობდნენ მერიაში.
რაც შეეხება ავარიულობის კრიტერიუმს, ის ასეთია:
· I–II კატეგორია — ნაკლებად სახიფათო მდგომარეობა
· III კატეგორია — მნიშვნელოვანი დაზიანება
· IV კატეგორია — აღარ ექვემდებარება გამაგრებას
· V კატეგორია — ფაქტობრივად დანგრეული მდგომარეობა
კატეგორიზაცია ხორციელდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
ჩანაცვლების პროგრამა და პირობები
მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახორციელებს ან იმავე მიწაზე, ან მის მიმდებარედ განთავსებულ ახალ შენობა-ნაგებობებში არსებული ფართებით.
ამასთან, მოქალაქეს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული ფართობის ტოლი, გარემონტებული ფართი, ხოლო კომპენსაციის გაცემამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია ბინის ქირის დაფარვა შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ.
მერიის განმარტებით, ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია შენობა მიეკუთვნებოდეს III, IV ან V კატეგორიას.
ავარიული სახლების ჩანაცვლებისას 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ახალი კორპუსი აშენდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე.
bm.ge
