ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში “სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში”, რომელიც მსოფლიო ბანკმა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნა.
ანგარიშში გაანალიზებულია ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედება ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეთმობა.
ჰაერის დაბინძურების განაწილებითი ზემოქმედების შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულია მონაცემთა სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, ადმინისტრაციული ინფორმაცია, ჩატარებული შეფასებები, თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები და რეალურ დროში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ადამიანები ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე უფრო მაღალია, შედარებით უფრო ხელმოკლე შინამეურნეობები და ნაკლები განათლების მქონე პირები ბევრად მოწყვლადნი არიან დაბინძურების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ იმის გამო, რომ უწევთ ღია სივრცეში ხანგრძლივად მუშაობა, არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ.
.კვლევა მიუთითებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების შემცირება შესაძლებელია მისი ხარისხის გაძლიერებული მონიტორინგით, ტრანსპორტის მოძრაობის და სამრეწველო გამონაბოლქვის რეგულირებითა და მწვანე ტექნოლოგიების
ხელშეწყობით. ელექტრომობილების გამოყენების წახალისებას და საწვავის სტანდარტების მკაცრ დაცვას შეუძლია ტრანსპორტიდან მომდინარე გამონაბოლქვის შემცირება, რაც მწვანე გარდაქმნისთვის საქართველოს მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან ერთად, ნახშირბადის განფასების სისტემის შემოღებას, როგორც სათბურის აირების გამონაბოლქვის რეგულირების დარგობრივი პოლიტიკის ინსტრუმენტს, შეუძლია არსებითად გააუმჯობესოს ადგილობრივი ჰაერის ხარისხი ჯამური გამონაბოლქვის შემცირებით.
კვლევის თანახმად, თბილისში დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების დონე ხშირად აჭარბებს შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საყოფაცხოვრებო საწვავის გამოყენება, მოწევა და შენობების საიზოლაციოდ გამოყენებული მასალები დედაქალაქის დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია. ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა თამბაქოს პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საწვავის მიზნობრივი დაბეგვრა, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ჰაერის ხარისხის მონიტორების დანადგარების დანერგვის წახალისება.
„ჰაერის დაბინძურება აფერხებს განვითარებას ფატალური დაავადებების გამოწვევით, ზიანის მომტანი საცხოვრებელი პირობების შექმნითა და ეკოსისტემების დარღვევით, რაც ამწვავებს სიღარიბეს და უთანასწორობას. მსოფლიო ბანკი მოწოდებულია გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ჰაერის დაბინძურების
უარყოფით ზემოქმედებას,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის სიღარიბის დაძლევის და თანასწორობის მიმართულების გლობალურმა დირექტორმა ლუის ფელიპე ლოპეს-კალვამ.
ანგარიში შემუშავებულია საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; თბილისის მერიის; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებთან, ასევე თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებთან და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და შვედეთის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით.
jandacva.ge