თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს ოთხი კომპანია გადაიბარებს. ამის შესახებ აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი.
“მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია”, – თქვა ვიცე-მერმა.
მან დაასახელა კომპანიებიც: “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ თბილისის მერმა წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი პრობლემების გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. თბილისის საკრებულოს წევრი “ლელოდან”, საბა ბუაძე, აცხადებს, რომ პრობლემა არასწორად დაგეგმილ ტენდერშია. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში (“საქართველოსთვის”) კი მიიჩნევენ, რომ “სახეზე გვაქვს დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ქაოსი, რაც სრულ წინააღმდეგობაშია თბილისელების ინტერესებთან”.
15 იანვარს თბილისის მერმა ბრძანება გამოსცა, რომლითაც შეწყვიტა კონტრაქტები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ კომპანიებთან. მერი დაეყრდნო მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის… ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე”, – წერია კახა კალაძის ბრძანებაში.
ახლა გამზირი ისევ გადათხრილია, თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საავტომობილო გზა ორმხრივად უნდა გაიხსნას თვის ბოლომდე.
გზის დაგების გარდა, უნდა დარგონ ხეები, მოეწყოს ტროტუარები, გადასავლელები და შეიცვალოს განათების სისტემები – ამ სამუშაოების დასრულების თარიღი მერიას ჯერ არ დაუსახელებია.